უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკებისთვის წვრთნას დაიწყებენ

უკრაინის ჯარები გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკების გამოსაყენებლად წვრთნას დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით, წვრთნაზე შეთანხმება მიღწეულია.

„ვიმედოვნებ, გერმანია მიიღებს გადაწყვეტილებას ტანკების გადმოცემის შესახებ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით, რადგან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ დავიწყებთ სატანკო ეკიპაჟების წვრთნას“.

„ჩვენ გვაქვს გარღვევა. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ  Leopard 2 ტიპის ტანკების მფლობელი ქვეყნები დაიწყებენ სასწავლო მისიებს, კურსებს ჩვენი სატანკო ეკიპაჟისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.


უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, საკვანძო სიტყვები, რომლებიც ამ შეხვედრაზე ითქვა, არის ერთიანობა, დროულობა, დაუყოვნებლივი დახმარება, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება და შემდგომი კონტრშეტევა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

„უკრაინისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების გარდა, „დახურულ კარს მიღმა ითქვა გარკვეული პაკეტის შესახებ, ეს შთამბეჭდავია და ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს.

მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება.

საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის.

„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”.

მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.

„ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.

შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს.

უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.