არგენტინა და ბრაზილია ერთიანი ვალუტის შესაქმნელად მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებენ, რამაც შესაძლოა, მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირის შექმნა გამოიწვიოს, - წერს FT.
გამოცემის ცნობით, დისკუსია ბუენოს აირესის სამიტზეა დაგეგმილი. ამასთან, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების სავალუტო კავშირში გაწევრიანებისთვის მიწვევა იგეგმება.
ბრაზილია გამოდის ინიციატივით, რომ ვალუტას ეწოდოს sur-ი (ესპანურად "სამხრეთი").
აღსანიშნავია, რომ ახალი ვალუტა ბრაზილიურ რეალთან და არგენტინულ პესოსთან ერთად მიმოქცევაში იქნება.
„განხილული იქნება სხვადასხვა ვარიანტი,მათ შორის ფისკალური საკითხებიდან დაწყებული ეკონომიკის ზომამდე და ცენტრალური ბანკების როლზე. არ მინდა ცრუ მოლოდინების შექმნა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ გრძელი მოგზაურობისას, რომელიც ლათინურმა ამერიკამ უნდა გაიაროს“, - განაცხადა არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასამ გამოცემასთან ინტერვიუში.
FT-ის თანახმად, თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები შექმნიან ფულად კავშირს, ეს მოიცავს გლობალური მშპ-ის დაახლოებით 5%-სა და ევროზონის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო კავშირი გახდება, რომელიც გლობალური მშპ-ს 14%-ს შეადგენს.
ბრაზილიასა და არგენტინას შორის ვაჭრობამ 2022 წლის 11 თვეში 26,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 21%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ერთიანი ვალუტის დანერგვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებს შორის (საზღვრისპირა ანგარიშსწორების სისტემაში).
რუსეთის ფედერაციის ეროვნული გადახდის საბჭოს შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ. თუმცა, ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს ყაზახეთში და აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა რუსული მხარის ოფიციალური წინადადება არ იყო.