ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ელჩმა მიხაილ ვანინმა ქვეყანა, 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს.
ეს იანვარში დაწყებული დიპლომატიური კონფლიქტის გაგრძელებაა. მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვს რუსეთის საელჩოს თანამშრომლების - რვა დიპლომატამდე შემცირება მოსთხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოთხოვნას, რუსეთსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებით უპასუხა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნები ორმხრივად იწვევენ თავიანთ ელჩებს და დიპლომატიურ მისიებს დროებითი თანამდებობის პირები უხელმძღვანელებენ.
ლატვიამ დღეს დილით ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას, საღამოს კი შესაბამისი თარიღი დაასახელა. კერძოდ, ლატვიაში რუსეთის ელჩმა ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე უნდა დატოვოს.