აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინება Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს.
უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო.
ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.