სტოლტენბერგი: რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები მიაწოდონ, რათა „დაიბრუნონ ტერიტორიები და უკრაინამ როგორც, სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში, გაიმარჯვოს“, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა „იარაღის მიწოდებაზე გადის", - ამის შესახებ სტოლტენბერგმა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის, რუსეთში 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზებით, „ამ უსამართლო ომისთვის“ მაღალი ფასი გადაიხადოს.

სტოლტენბერგმა ასევე გაამახვილა  ყურადღება რუსეთის მიერ იარაღის შეძენაზე ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად დაბალია რისკი იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ეს გარემოება რომ შეიცვალოს, „NATO  აუცილებლად მოახდენს რეაგირებას“.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს.

ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს.

უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო.

ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.