რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ, მოსკოვმა ლატვიის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს, ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარასკევს, 27 იანვარს, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაჩია რუტკა სამინისტროში დაიბარეს.

მასთან „მტკიცედ გააპროტესტეს" ლატვიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება რუსეთ-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ.

ამ კვირის დასაწყისში რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის კიდევ ერთი დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო.

23 იანვარს რუსეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ესტონეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირების შესახებ დროებითი რწმუნებულისთვის და ესტონეთის ელჩს დაევალა 7 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის მოთხოვნაზე ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ, ამას „საპასუხო ღონისძიება" უწოდა. 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გადაწყვიტა, დაეწია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ელჩის მოვალეობის შემსრულებლამდე. ეს გადაწყვეტილება 24 თებერვალს უნდა ამოქმედდეს. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „არ დაელოდოს ელჩების მისიის დასრულების თარიღს, რომელიც რიგამ დაადგინა".