NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“

უკრაინის მიმართ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის კვალდაკვალ, NATO-ს წევრი ქვეყნები მშვიდობიან პერიოდში „ომის ეკონომიკაზე“ უნდა გადავიდნენ. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ბაუერმა მოუწოდა ალიანსის წევრებს, გაზარდონ ინდუსტრიული წარმოება, რათა დააკმაყოფილონ იარაღის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის საჭიროებები.

მისი თქმით, უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება და ამ თემაზე უკვე უფრო და უფრო მეტი მოლაპარაკება მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე.

  • ოფიციალური პირის განმარტებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა ფუნქციონირებს პრინციპით - „ახლა და მერე“, მაგრამ ომთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა მატერიალურმა და ტექნიკურმა ზარალმა გამოავლინა, თუ რამდენად სუსტია ეს მიდგომა.
ორივე მხარე ხარჯავს უამრავ საბრძოლო მასალას, საბრძოლო ტანკებსა და თვითმფრინავებს. ორივე მხარეს ესაჭიროება ბევრი ნედლეული და საბრძოლო მასალა, რათა გააგრძელოს ბრძოლა.

რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ  მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან.

„ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც NATO ისე მთლიანად მსოფლიო“, - აღნიშნავს რიბ ბაუერი.

თუ ისინი (რუსები მოიგებენ) ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი პრობლემა თავდაცვის მხრივ: რუსები იქნებიან ჩვენს საზღვრებთან.

ესკალაციის შემთხვევაში, არის თუ არა NATO მზად, მართოს სიტუაცია, რობ ბაუერმა უპასუხა, რომ პირველი ესკალაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბაინი ომის დაწყება.

„ეს არ არის ესკალაცია. თუ მტერს უკეთესი იარაღი აქვს, ეს მტრის ბრალი არ არის. ეს შენი პრობლემაა. ამდენად, ისინი თუ შეწყვეტენ ომს დღეს, ესკალაცია აღარ იქნება“, - ამბობს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე.

არის თუ არა NATO რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის, რობ ბაუერმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. მისი განმარტებით, ალიანსის პოზიციებს მოსკოვი კარგად ხედავს და თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ NATO-ს მიუახლოვდეს, ალიანსის საზღვრებს ამისთვის მზადაა.

„ეს წითელი ხაზია“, - აღნიშნა რობ ბაუერმა.

ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად.


ინტერვიუს თემა იყო ჩინეთიც. 

რობ ბაუერის თქმით, ჩინეთი შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება, ის ფიქრობდა, რომ რუსეთი სწრაფად მოიპოვებდა გამარჯვებას უკრაინაში.

„ვფიქრობ, ისინი გაკვირვებულები არიან, რომ ასე არ მოხდა. მათ არ სურთ რუსეთის წაგება, თუმცა იარაღით არ უჭერენ მხარს და ესაა განსხვავება“, - აღნიშნა რობ ბაუერმა.

მისივე განმარტებით, ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციების შედეგებსაც აკვირდება.

„მე არ ველი, რომ ჩინეთი ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე იფიქრებს. ყველა ქვეყანა აკვირდება ამ კონფლიქტს და გაკვეთილის სწავლას ცდილობს. ეს  (ომი) გამოსაფხიზლებელი რამ იყო, რადგან გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ევროპაში ომი აღარ იქნებოდა“, - განაცხადა რობ ბაუერმა.