რუსეთის ხელისუფლება „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინება.
„რუსეთის ხელისუფლება ეძებს საშუალებას არმიის პირადი შემადგენლობა გაზარდოს, რათა უკრაინაში სამომავლოდ დაგეგმილი შეტევა განახორციელონ. ამასთან კრემლში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არ შეჩერებულა. თანაც 2023 წლის იანვარში რუსეთიდან ყირგიზეთში ორმაგი მოქალაქეობის მქონე შრომითი მიგრანტების გადასვლა შეაფერხეს და ამის მიზეზად მობილიზებულთა სიები დასახელდა“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.
2022 წლის 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა.
შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.