უკრაინაში მილიარდერ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი გაჩხრიკეს, იტყობინება Strana.ua.

საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენის სახლში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ავაკოვის სახლის ჩხრეკა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეს უკავშირდება, რომლის დროსაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა.

გარდა ამისა, Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების მომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბოგდან ხმელნიცკის შეატყობინა შესყიდვებში არსებული ეჭვების შესახებ, რაც  თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ვიაჩესლავ შაპოვალოვს და ყოფილ სახელმწიფო საწარმო „პრომობორონექსპორტის“ ხელმძღვანელის მოადგილე ვოლოდიმირ ტერეშჩენკოს უკავშირდება.

გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ხმელნიცკი ეჭვმიტანილია 107 მილიონზე მეტი გრივნის (დაახლოებით 2,8 მილიონი აშშ დოლარი) გაფლანგვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაბალი ხარისხის ჯავშნების შესყიდვაში.

შაპოვალოვი კი უკანონო ქმედებებში, რის შედეგადაც ცალკეულმა დანაყოფებმა არ მიიღეს პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაა მილიარდ გრივნაზე მეტი (დაახლოებით 27 მილიონი დოლარი). ამასთან ტერეშჩენკო ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გაყალბების გზით ხაზინიდან 1,3 მილიონი დოლარის მითვისებაში.

შეგახსენებთ, რომ კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა.