წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს - NDI

NDI-ის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. არსებობს თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს.

კვლევის ავტორების ამ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: დიახ - 31% (აგვისტოში 39); 61% - არა (აგვისტოში - 56%).

კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიცური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ამ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა:

არცერთი პარტია 39%, „ქართული ოცნება“ - 25%; უარი პასუხზე - 10%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%; არ ვიცი - 7%; სხვა პარტიები - 13%.

„მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. შენიშვნა – კითხვა დაისვა თვით -ადმინისტრირების მეთოდით: რესპონდენტს გადაეცა პლანშეტი 14 პარტიის ჩამონათვალით, რესპონდენტმა თავად მონიშნა სასურველი პოლიტიკური პარტია, შემდეგ დააჭირა ღილაკს ‘შემდეგი’ და დაუბრუნა ტაბლეტი ინტერვიუერს“, - აცხადებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი.


ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდია 3-20 დეკემბერი. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.

ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).