NDI-ს კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41 პროცენტიდან 51 პროცენტამდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.
მოქალაქეების 61 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, ხუთპროცენტიანი ზრდაა. მეტიც, „ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
- უფრო კონკრეტულად კვლევაში ასახულ ციფრებს რაც შეეხება, წინა კვლევასთან შედარებით, 14 პროცენტით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
გამოკითხულთა 51% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 39% კი უარყოფითად. გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა. მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფებშია გაზრდილი. მთავრობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა ოპოზიციის მხარდამჭერებში.
ამასთან, 31% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ივლისსა და მარტში ეს მაჩვენებელი 44%-ს შეადგენდა. საქართველო სწორია მიმართულებით ვითარდება - მიიჩნევს 37%; ივლისსა და მარტში ეს მაჩვენებელი 23% და 28%-ს შეადგენდა. 26%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
ამავე კვლევაში ვკითხულობთ,რომ უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტით გაიზარდა.
პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოკითხულთა 14% აფასებს კარგად, 45% საშუალოდ, 32% კი ცუდად. პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის საქმიანობას გამოკითხულთა 31% აფასებს კარგად, 36% საშუალოდ, 27% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 12% აფასებს კარგად, 50% საშუალოდ, 31% კი ცუდად.
ამასთან, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8 -10 პროცენტით შემცირდა.
პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში. ასევეა პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების შემთხვევაშიც.
პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.
ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, საველე სამუშაოების პერიოდი 3-20 დეკემბერს მოიცავს. ჩატარდა 2,519 ინტერვიუ (29% გამოპასუხება) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%; შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით; კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.
ორგანიზაციის განცხადებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).