გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი

„გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ და ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონ ჰესის არსებული პროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი ახალ პროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა.

ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

შესაძლოა, სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადარომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 

ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.