„ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე“, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე.
ელჩის შეფასებით, ეს კანონი ასევე არ არის ამერიკული. კელი დეგნანმა განმარტა, რომ ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ პოლიტიკური ინტერესები წარმოსადგენად.
ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე, არსებობს უამრავი ანგარიში იმაზე, თუ რას აკეთებენ USAID-ი და დონორები, ვინც დიდი ხანია, საქართველოს უჭერენ მხარს. ყოველ 3 თვეში ჩვენ დეტალურ ანგარიშებს ვაწვდით პარლამენტს იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ჩვენი დახმარება საქართველოში. ყველა ჩვენი ქართველი პარტნიორი ასევე ვალდებულია, დეტალური ანგარიშები წარუდგინოს საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ძალიან დიდია გამჭვირვალობაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენება ეს დახმარება აქ, საქართველოში და შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია რიგ ვებგვერდებზეც.
- ეს კანონი ასევე არ არის ამერიკული. ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ იმ მიზნით, რომ ხსენებული უცხოური მთავრობების პოლიტიკური ინტერესები წარმოადგინონ. აქ წარმოდგენილ კანონპროექტს კი ამასთან არ აქვს კავშირი. ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს არის კანონია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული შეხედულებების/ხმების გაჩუმებაა.
ეს კანონი გააჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც მათი თემის, საზოგადოების განვითარებას ეხმარებიან. ეს კანონი იურიდიულ დახმარებას შეუჩერებს იმ ქართველებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელ საცხოვრებელ სისტემებს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ დახმარება იმ ოჯახებისა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრები ჰყავთ; ვისაც სჭირდება მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლებას ახლა არ შეუძლია.
ეს კანონი ხელს შეუშლის სამედიცინო კვლევებს, რომლის თანადამფინანსებლები არიან დონორები და ქართული უნივერსიტეტები, ეს კანონი გააჩერებს ტურისტულ სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერთა ასოციაციებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ - და, გრძელია სია, ვისზეც ამ კანონს გავლენა ექნება. აქედან გამომდინარე, ჩემი შეკითხვა ნამდვილად ასეთია: საერთოდ სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როცა უკვე არის საკმარისი გამჭვირვალობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ნდობა დონორებსა და მათ შორის, ვინც საქართველოს თემებისა და საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობენ?!“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.
ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა.
ამის შემდეგ, 21 თებერვალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია.
„ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტი 20 თებერვალს განსახილველად კომიტეტებს უკვე გადასცეს.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.