ელჩი ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპორექტზე ამბობს, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან. ელჩი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა.

„ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ბრიუსელის მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე შემიძლია ვთქვა ჩემი მხრიდან, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე (ევროკავშირის, რედ.) 12 პრიორიტეტთან.

ერთი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი ცუდ დროს. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.


ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.

ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა.

ამის შემდეგ, 21 თებერვალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია.

„ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტი 20 თებერვალს განსახილველად კომიტეტებს უკვე გადასცეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.