პეკინმა უარი თქვა G20-ის განცხადების ნაწილის მიღებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
G20-ის შეხვედრის შემდეგ, ინდოელმა მაღალჩინოსანმა აჯაი სეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ფორმულირებას უკრაინის შესახებ, რადგან „მათი მანდატი არის ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მოგვარება“.
- ინფორმაციისთვის: ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.
ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა, ხოლო შვიდი, მათ შორის რუსეთი, წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.
ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს.
უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.