პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამნეტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.
კანონპროექტის ინიციატორების სახელით, პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განმარტება გააკეთა.
„ვინაიდან საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა და ხშირია სპეკულაციები, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, არის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს, ორი კანონპროექტის კომიტეტებზე მოსმენის დროს თვალნათლივ შეადაროს და დარწმუნდეს, რაოდენ სჯობს ჩვენ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდათ უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან და შეთანხმდნენ, რომ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღებენ, შემდეგ ორივე მათგანი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ან ერთ, ან მეორე ვარიანტს მიიღებენ.
ბიუროს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს მომავალი სასესიო კვირის სავარაუდო დღის წესრიგზე, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განსაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები, გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ წინა კანონპროექტის მსგავსად, მეორე პროექტიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.
ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
„ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.