საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს და იმედოვნებს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა.
პაველ ჰერჩინსკიმ კიდე ერთხელ განმარტა, რომ ეს არის არასწორი გზავნილი, რომელიც ცუდ დროს შემუშავდა.
„ეს არის არასწორი გზავნილი არასწორ დროს. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისულფების შესახებ პრიორიტეტებთან. ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე რომ, ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.
ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
"ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.
"ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარუდგინა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.