სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან აქციას შეუერთდა. მან განაცხადა, რომ ადგილზე იქნება, ვიდრე აქცია არ დასრულდება.
იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.
„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, - განაცხადა იოსელიანმა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს.
იქამდე ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ადგილზე იმის შესაფასებლად მივიდა, თუ რამდენად პროპორციული ძალის გამოყენება ხდება პროტესტის მონაწილეების მიმართ.
უფრო ადრე, ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდა, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მიმართავს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.
„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.
პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს“,- ნათქვამი იყო სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანს პირველი სამუშაო დღე აქვს.