კანონპროექტის შემუშავება იმ ფონზე, როდესაც არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რას ისახავდა მიზნად?! – ყიფიანი

უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროეატის მინუსები და პლუსები. ჩემი აზრით მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები. ჩვენ დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი?, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩეველმა, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა რადიო “იმედის” ეთერში განაცხადა.

“სამართლებრივი კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არავითარ ზიანს არ უკავშირდება. მაშინ, მით უმეტეს, მინდა დავსვა რიტორიკული კითხვა:
რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?
თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?
თუ ჩვენ ვსაუბრობთ… წინა ისტორია მოგეხსენებათ კანონპროექტის, გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი.
თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.


ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს კანონპროექტი პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა.


თუ ეს ვერ იქნა უკეთ ახსნილი და ისე დაემსგავსა, რომ ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტი განგვეხილა…
რეალურად, კიდევ ვამბობ, რაღაც საგნობრივ ცვლილებებს ეს არასამთავრობო სექტორში ეს არ გამოიწვევდა, გარდა მონიტორინგისა და დეკლარილების მოვალეობისა, მაშინ ისინი ვინც ამ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, როგორც მინიმუმ ჯერ დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა განესაზღვრათ.
უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროეატის მინუსები და პლუსები.


ჩემი აზრით მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანშეუწონილობა ასეთი მოქმედებებისა, რომელიც პირველად არ ხდება… ჩვენ დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე?” – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.