ევროკავშირი მოლდოვაში რუსეთის მხრიდან მაღალ რისკებს ხედავს. ამავდროულად, „დარწმუნებულია კიშინიოვის უნარში, დაუპირისპირდეს ამ საფრთხეებსა და გამოწვევებს“. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა.
სტანოს თქმით, მოლდოვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსკოვის ქმედებებმა უკრაინის ტერიტორიაზე.
როგორც ცნობილია, მოლდოვაში საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, დაფაროს ზამთრის თვეებში მოსახლეობის მიერ დაგროვილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი. აქციები პარტია „შორის“ მიერ არის ორგანიზებული.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას მედეგობის განმტკიცების მიმართულებით. გავაძლიერეთ მოლდოვის მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში - ენერგოუსაფრთხოებაში, მაკროფინანსურ დახმარებაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რათა მოლდოვა უკეთ იყოს აღჭურვილი, უკეთ ებრძოლოს ჰიბრიდულ თავდასხმებს და საინფორმაციო მანიპულაციებს.
ჩვენი ექსპერტები უკვე მუშაობენ ერთად კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის განმტკიცებაზე“, - განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ცნობისთვის, ილან შორი თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.
რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.
2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.