ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარადგინა. ამ პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელის გადაწყვეტილება იყო, რომ აკადემიურ საქმიანობას დაბრუნებოდა.

„მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. მან იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ამილახვარს ღირსეული განათლება აქვს მიღებული და ის აშშ-სა და გერმანიაში სწავლობდა. ამასთან, არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებული.

გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.


ცნობისათვის, ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს.

ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.