მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია. არავისზე მიმდინარეობს პარტიული ზეწოლა, რაზეც ცალკეული პირები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ამაში სკანდალურიც არაფერია, თუმცა არც თუ სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ. იმიტომ, რომ არ სურთ, „ქართული ოცნება“ დატოვონ და სურთ, იმუშაონ სპეციალობის მიხედვით, რაზეც განცხადებებს აკეთებენ. ამაში ორი აზრი, რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება, გუნდმა აიძულოს, მანდატი დატოვოს და პარტიიდან გარიცხონ, ასეთი რამე არ არსებობს.
ასეთი მეთოდი არასდროს გამოყენებულა. საქართველოში, ჩვენში არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად, თუმცა ასეთი ორგანიზაციებიც ვიცი, სადაც მარჯვნივ ან მარცხნივ ოდნავ გადახრა პარტიულად ისჯება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს.
ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.