საქართველოსთან დაკავშირებით თავის პრიორიტეტულ მიმართულებებში, რობინ დანიგენმა შუა დერეფნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ჩამოთვალა ის პრიორიტეტები, რომლებიც ელჩობის დამტკიცების შემთხვევაში მის ფოკუსში იქნება. პრიორიტეტულ მიმართულებებზე მან უკვე კითხვა-პასუხის დროსაც ისაუბრა და ახსენა შუა დერეფანი, რომელსაც აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიაჩნია.

„ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლური ქმედებების ან ჩინეთის მავნებლურ აქტოვობებთან მიმართებით.

სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, შუა დერეფანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ნამდვილად ეხმარება საქართველოს, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტულად ქცევას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, როდესაც ჰკითხეს, რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, რომ უპასუხოს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საქართველოზე.

მომავალმა ელჩმა დღეს ორმხრივი ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერების პირობაც დადო.


ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.