პარასკევს, ლოძში, პოლონეთში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების (B9) შეხვედრაზე გამოსვლისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ დროა, NATO-რუსეთის ურთიერთობების დამფუძნებელი აქტი გაუქმდეს.
ესტონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ასევე მნიშვნელოვანია NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გეგმის შეთანხმება, რომელიც ასახავს იანვარში მიღებულ NATO-ევროკავშირის ერთობლივ დეკლარაციას.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ რაიმე თანამშრომლობაზე პუტინის რუსეთთან, რომელიც აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინაში“, - განაცხადა რეინსალუმ.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ალიანსის გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს.
NATO-რუსეთის თანამშრომლობა 1990 წლიდან დაიწყო.
2014 წლის 2 მარტს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ მოიწვიეს საგანგებო სხდომა, სადაც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებები „საერთაშორისო კანონის დარღვევაა და ეწინააღმდეგება როგორც NATO-რუსეთის საბჭოს, ასევე პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის პრინციპებს“.
ამასთან ერთად, 2014 წლის 5 მარტს შედგა NATO-რუსეთის საბჭო, სადაც დღის წესრიგში დადგა უკრაინის კრიზისის განხილვა.
მიუხედავად ამ მცდელობებისა, რუსეთი კვლავ განაგრძობდა აგრესიის ესკალაციას უკრაინაში, რომლის საპასუხოდ, 2014 წლის აპრილში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ყველანაირი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა რუსეთთან.