სახალხო დამცველმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა.
ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილია 2022 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.
ანგარიშის თანახმად, მკურნალობამ, რომელიც პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.
„საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილი დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, 2022 წლის 12 მაისს სამოქალაქო პროფილის კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა დასკვნა, რომლის თანახმადაც, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნად გაუარესებულად შეფასდა.
2022 წლის 27 აპრილის დასკვნაში სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა. ექსპერტთა ჯგუფმა, სხვა საკითხებთან ერთად, პირდაპირ მიუთითა, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი ვერ გამოიღო და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.
დამატებით, საგულისხმოა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს გასცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ერთ წელზე მეტი ხნის (14 თვე) განმავლობაში, ეპიზოდურად მნიშვნელოვნად მძიმდება, ხოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში მკვეთრად არის გაუარესებული და ფასდება როგორც მძიმე. პაციენტის მართვა ვერ ხერხდება პროაქტიულ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები სხვადასხვა გართულებაზე რეაგირებით შემოიფარგლება.
მართალია, პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია. მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება. ზემოაღნიშნული სამედიცინო შეფასებების საფუძველზე, სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა.
სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ აკმაყოფილებდა განაჩენის აღსრულების გადავადების სტანდარტს, რადგან იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც სასჯელის მოხდას ხელს უშლის.
სახალხო დამცველის მოსაზრება ეყრდნობოდა როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის მიუხედავად, 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც, სასჯელის გადავადებაზე.
სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა პატიმარს დააკისრა და განმარტა, რომ ვერ დარწმუნდა, რომ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარება არაადეკვატურია. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით.
სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გარემოებები და მდგომარეობის ლეტალურ გამოსავლამდე დამძიმების მაღალი რისკები, ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად“,-აღნიშნულია ანგარიშში.
ნიკა გვარამიას საქმე
ომბუდსმენის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება.
„ამას განაპირობებს არაერთი გარემოება: პირველ რიგში, კრიტიკული ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და მედიამენეჯერისთვის, თავისი შინაარსით კორპორაციული სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. აგრეთვე, მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები იყო დაუსაბუთებელი, როგორც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის და მსჯავრდების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში. ეს გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ მის მიმართ დაწყებული პროცესი არა მართლმსაჯულების ინტერესით, არამედ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული“,-აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენის შეფასებითვე, ცალსახად იკვეთება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსების, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ საქმიანობისგან ჩამოშორებით დაინტერესება.
„მართლმსაჯულების განხორციელებისას გამოვლენილი არსებითი ხარვეზები ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა.
სახალხო დამცველის შეფასება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს ეფუძნება. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით).
ეს არ არის პირველი შემთხვევა - სახალხო დამცველმა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, პოლიტიკური მოტივის არსებობის საფუძვლით, აგრეთვე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გამომდინარე აქედან, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას მიმართ შეწყალების მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდა.
5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების გამოძიება
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქ+ პირებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამოძიების პროცესში არსებობს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილი 20 პირიდან მხოლოდ 6 პირი გასამართლდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოცემულ ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ეს პირებიც გაამართლა.