შვედეთის ნაბიჯები NATO-ს წევრობისთვის საკმარისი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, შვედეთმა უნდა გააგრძელოს საჭირო ნაბიჯების გადადგმა: „გუშინ ველაპარაკე ჩემს შვედ კოლეგას და მივუთითე ამის შესახებ. მე განვაცხადე, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად აუცილებელია მიზანმიმართული თანამშრომლობა“.
4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო.
იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“.
თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა.
შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს.
მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.