„ჩვენ გვსურს, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახოთ“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება.
პიტერ ფიშერმა ახსნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული.
გერმანიის ელჩის შეფასებით, ისტორიული შესაძლებლობის გამოსაყენებლად, პოლარიზაციის გამოწვევის გადაჭრა მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.