ალიევი შუა დერეფანზე: უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა, ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო

ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით.

„შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით.

როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები.

დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს მომავალშიც. ეს არის ძირითადი ასპექტები ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა.

ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას, თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში“ , - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.