ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იმ დროს, როცა თავმჯდომარის მოვალეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასრულებდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისკენ მოუწოდეს.
აპრილში რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს. 15 ქვეყანა ამ ფუნქციას რიგრიგობით, ერთი თვის განმავლობაში ასრულებს. ბოლოს რუსეთი უშიშროების საბჭოს 2022 წლის თებერვალში თავმჯდომარეობდა.
შეხვედრის გახსნისას ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო, ისევე როგორც ცივი ომის წლებში, სახიფათო ხაზს უახლოვდება. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გაეროში დასავლეთის ქვეყნების ძალიან ბევრი წარმომადგენელია და სხვა რეგიონებიდან ძალიან ცოტა წარმომადგენელი. ეს, ლავროვის თქმით, ძირს უთხრის მულტილატერალიზმის პრინციპს საერთაშორისო ურთიერთობებში.
აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ამ თვეში თავმჯდომარეობს გაეროს, უხეშად არღვევს ორგანიზაციის წესდების პრინციპებს, ომის წამოწყებით, მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით და START-ის ხელშეკრულებიდან გასვლით. თომას-გრინფილდმა გაიხსენა რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქეები - ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლ უელანი და ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. დიპლომატმა რუსეთს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
თომას-გრინფილდი გაეროს რეფორმების მოწოდებით გამოვიდა, მას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაეთანხმნენ.
მისი შეფასებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, წარმოუდგენელი ტანჯვა მოუტანა უკრაინელებს და ეს კატასტროფა იყო თავად რუსეთისთვის.
საფრანგეთის წარმომადგენელმა ნიკოლა დე რივიერმა გაიხსენა, რომ რუსეთი მანამდე არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მაგალითად, მან 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრაც მოიყვანა.
რუსეთის მიერ ორგანიზებული დებატებისას, რომლის თემაც გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დაცვა იყო, ლავროვმა დასავლეთს უწოდა "უმცირესობა", რომელსაც არ აქვს "მთელი კაცობრიობის სახელით ლაპარაკის" უფლება.
მან უკრაინაში ომის გამო აშშ დაადანაშაულა.
ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთს ბრალი დასდო უპასუხისმგებლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომს უკანონო, არაპროვოცირებული და უსარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გაეროს წესდების დარღვევით, საერთაშორისო საზღვრები შეცვალოს.
დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორტმა რუსეთის განცხადებებს „უკრაინული ნაციზმის“ და „ბიოლაბორატორიების“ შესახებ, და ყველა სხვა არგუმენტს, რომელიც რუსეთს აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად, სიცრუე უწოდა.
გაეროში ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა ულოფ სკუგმა 27-ივე წევრი სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ ცინიზმია, როცა რუსეთი ცდილობს, გაეროს წესდების და მრავალმხრივობის პრინციპის დამცველად წარმოაჩინოს თავი.