გერმანიის საელჩო: შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს

შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აჭარას სტუმრობს.

„შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის.

ბათუმში გერმანიის ელჩმა დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება“, - აღნიშნუა გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.


მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 


„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.


(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.