ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს

სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც ტრანსპონდერის სიგნალების გარეშე დაფრინავდნენ, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ბალტიის ზღვის თავზე შეაფერხეს, განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის საჰაერო ძალებმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ორი Sukhoi Su-27 და ერთი Ilyushin Il-20-ის ტიპის თვითმფრინავის იდენტიფიცირება გერმანულმა და ბრიტანულმა ძალებმა მოახდინეს.

რუსული სამხედრო თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ მატერიკზე რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით და უკან, რაც ნიშნავს, რომ ასეთი მანევრები რეგიონში საკმაოდ რუტინულია.

გერმანიამ ბრიტანეთს ამ თვის დასაწყისში გადასცა NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიაზე პასუხისმგებლობა.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში.

მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. 

„ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა.

ამავე თემაზე: