უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს - კიევი ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებს

ივლისში, NATO-ს მომავალ სამიტზე, უკრაინას სურს, იხილოს ალიანსში გაწევრიანების კალენდარი ან ლოგისტიკური გეგმა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - განაცხადა პოდოლიაკმა.


მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში. 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს.

20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება.


არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა. 

„ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“.

სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება.

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ.

28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.