გაეროს ექსპერტი: მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე

გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანამ 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში მომზადებული წინასწარი ანგარიში წარადგინა. მასში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ პრინციპის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის.

განსაკუთრებით ეს ეხება იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასა და კონტროლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე“, - აღნიშნა გაეროს ექსპერტმა.


ბრძოლა კორუფციის წიინააღმდეგ

„ჩვენს მიერ გამართული დისკუსიებიდან იკვეთება უზარმაზარი პროგრესი კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ მხრივ, მივესალმები ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას.  ბიურო წარმოადგენს დამოუკიდებელ უწყებას, რომლის მიზანია ფინანსური გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა“, - განაცხადა ლივინგსტონ სევანიანამ.

მისივე თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი სტრატეგიის მიღება უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია.

„შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ბიუროსთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მისი საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერების, ეფექტიანი ფინანსური სისტემის დანერგვისა და მანდატის განხორიელებისთვის ბიუროს შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ზომები მიღებულია საჯარო მმართველობის სფეროშიც. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დაარსება, რომელიც გამოირჩევა მუშაობის ჰარმონიზებული მეთოდოლოგიითა და საჯარო სერვისების უსწრაფესი მიწოდებით. ამგვარი უწყების დაარსება წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის მაგალითს მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, მოვუწოდებ მთავრობას მიიღოს შემდგომი ზომები კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის რატიფიცრებისთვის, რომელსაც ქვეყანა 2008 წელს შეუერთდა.

წარმატებულ პრაქტიკებს შორის, მსურს განსაკუთრებულად გამოვყო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფუნქციონირება, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური და პარტნიორული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ინიციატივის ფარგლებში გაიცემა გრანტები 7.000-დან 35.000-მდე ლარის ოდენობით სტარტაპ ბიზნეს იდეებისა და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური აქტივობების წახალისებისთვის.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებთათვის მათ შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებში“, - აღნიშნა ლივინგსტონ სევანიანამ.