„ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის

ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებები შევა. ეს პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

ამასთანავე, თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.

მათო განმარტებით, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს.

პროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

  • კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. იმ შემთხვევაში კი, თუ კენჭისყრის შედეგად, ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამისი კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.


მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს.


რაც შეეხება პარლამენტის მიერ მათი არჩევის წესსა და პროცედურას, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება.

2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ეს არის „სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის გვერდის ავლით ცდილობს, მისთვის კომფორტული და უპირატესი გარემო მიიღოს და ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების მაგალითი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური კანდიდატი წარედგინა, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნებოდა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

8 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან, პარტია „ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება - პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.


ცნობისთვის, გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათ შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა.