რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ჩვენი პრინციპული მიდგომის შესაბამისობაშია, რათა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით