„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის საკითხის კომენტირებისას.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება ევროპულ განაცხადს.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
მისი თქმით, საქართველი არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართებაში გვერდი აუაროს.
„2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად.
ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით.
ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა - ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში.
მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.