საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.
„პირველ რიგში, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული დამოუკიდებელი იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით და ახლა შეცვალეს, ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სენსიტიური იყო.
„მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს მიიღეს 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ამ საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთათვისაც მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან.
მისივე თქმით, საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს
„რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს, ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის, ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო სრულად ერთგული რჩება საერთაშორისო პარტნიორების და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან „ფრენებთან დაკავშირებით საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს.
„გენერალურ სანქციებს რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, და არაერთხელ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში არსებულ სანქციებს, ამაზე ცალსახად ითქვა და ეს არის ვაჭრობა რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ეს ვაჭრობა აქტუალურია დღეს მიმდინარეობს, შესაბამისად საქართველო ძალიან ღიად და ტრანსპარენტულად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
ეს მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ცალსახა და უფრო მეტიც, ჩვენ ამას ხშირად ვსაუბრობთ რომ პროაქტიულად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის რომ არ მოხდეს გვერდის ავლა ნებისმიერ სანქციებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტშიც საქართველო იქნება ცალსახად ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
მე ვერ შემოვალ ტექნიკურ საკითხებში მაგრამ მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ დღეს თუ ქვეყანა ღიაა და მიმოსვლა არსებობს რუსეთის ფედერაციასთან საავტომობილო თვალსაზრისით და ეს მოცემულობა არის დღეს, შესაბამისად, ზედმეტი აჟიოტაჟი რომ მომეტებული რაოდენობა იქნება საქართველოში შემომავალი ვიზიტორების, სრულიად გაუგებარია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს რომ იმოგზაუროს თავის ახლობლებთან რუსეთის ფედერაციაში, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით”, - განაცხადა მინისტრმა.
შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა მოსკოვის ეს ნაბიჯი გავლენას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხის 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირება, არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებით, ეს კითხვები არ არსებობს.
„არ შეიძლება, ყველა საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებას. და მოვუწოდებ ყველა ჩვენს ოპონენტს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ნებისმიერი პროცესის წარმოჩენას ცდილობს საქართველოს მიერ 12 პუნქტის და პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში და ეს ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რატომ ხდება საქართველო ყოველთვის ობიექტი მსგავსი ტიპის შეფასებების, გაუგებარია. მაშინ, როდესაც მოლდოვის შემთხვევაში - ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არ არსებობს კითხვები და რატომ შეიძლება, საქართველოსთან დაკავშირებით დადგეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ეს არის მიუღებელი. საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას. ვიცით რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ჩვენთვის ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით