რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენი ოპოზიცია თვითსანქცირებას ითხოვს - მდინარაძე

საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი და სანქცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

"ვეკითხები, რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ? ანუ, საკუთარ მოქალაქეებს თვითონ დაუწესებდნენ სანქციებს?! საქართველოს ომი ომი არ არის და მხოლოდ უკრაინის არის?! ჩვენი მხარდაჭერა გასაგებია ჩვენს მეგობრებს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ სხვანაირად რომ ჭიკჭიკებდნენ ეს ადამიანები, ცალმხრივად სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ და ფრენებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებიც 2019-2020 წლებში ამბობდნენ, რომ ეს არის არასერიოზული გადაწყვეტილება, უნდა მოეხსნას ეს სანქცია საქართველოს მოქალაქეებსო და დღეს ჩვენი ოპონენტები ოღონდ რაღაცით „ქართული ოცნება“ და საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სამშობლო დააზიანონ და თვითსანქცირებას ითხოვენ.

საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ, წარმოუდგენელი ამბავია მაშინ, როცა რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათი სასჯელის მოხსნაზეა საუბარი. რა მოტივაციით იყო მიღებული რუსული გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს - საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი და სანქცია და ამაზე სწუხან ჩვენი ოპონენტები და ამის შეცვლას ითხოვენ“, - განაცხადა მდინარაძემ.



აშშ-ის გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.