პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, ის თბილისში ჯარის შემოყვანის საფუძველს ამზადებს - სააკაშვილი

პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს, მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქპოსტში.

„რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება“,- წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერს.

„რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში.

ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა.

გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.



აშშ-ის გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.