არჩევნები, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს თურქეთის თანამედროვე ისტორიაში - ასე აღწერს CNN 14 მაისს დაგეგმილ კენჭისყრას თურქეთში, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.
ამომრჩევლები თურქეთის დემოკრატიის ბედს, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ გადაწყვეტენ - ტრაგედიას 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დ 5,9 მილიონზე მეტი ადამიანი სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში იძულებით გადაადგილდა. არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი ერდოღანის მთავრობის ეროზიას უწოდებს.
ანალიტიკოსები ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობას პროგნოზირებენ. მოელიან „მჭიდრო რბოლას“ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტ, 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ერდოღანმა წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუფლება თავის მემკვიდრეს ბრძოლის გარეშე არ დაუთმოს.
რა განსხვავებები არსებობს ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს საგარეო პოლიტიკურ ხედვებში და რას ნიშნავს ეს არჩევნები დასავლეთისთვის? რას გადაწყვეტს 14 მაისის არჩევნები და რა დევს სასწორზე თურქეთისთვის?
ამ საკითხებზე Europetime თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილ უფროს თანამშრომელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა.
ბრაიზა მიიჩნევს, რომ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, ლოგიკურად, თურქეთი იგივე საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, და კონცერტრირდება ურთიერთობების ნორმალიზებაზე ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტე-ისრაელთან და სომხეთთან.
იქედან გამომდინარე, რომ ისრაელთან და სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება თურქეთში ერთობ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა, ამერიკელი დიპლომატის მოლოდინია, რომ ერდოღანი ამ მიმართულებით, ძალისხმევას გააძლიერებს.
რას ნიშნავს თურქეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთთან ანკარის კავშირებისთვის?
ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშულა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა.
NATO-ს წევრმა თურქეთმა, რომელსაც ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, ბოლო წლებში რუსეთთან კავშირები გააძლიერა. როდესაც აშშ-ის ელჩი ანკარაში, ჯეფ ფლეიკი ქილიჩდაროღლუს ეწვია, ერდოღანი კრიტიკით გამოვიდა და ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს „სირცხვილი" უწოდა. ერდოღანი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთმა აშშ-ს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ასწავლოს.
ურთიერთობა აშშ-სთან
შეერთებულ შტატებთან ერდოღანს უსიამოვნება აქვს მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის საკითხის გარშემო. თურქეთი გაბრაზდა იმის გამო, რომ F35 ვერ შეიძინა, F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.
„ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
„ვფიქრობ, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის F16-ებზე გარიგება დასრულებულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ასევე ვფიქრობ, რომ თურქეთი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულების მცდელობას“.
თუმცა ამერიკელი დიპლომატი ქილიჩდაროღლუსგან არ ელის აშშ-სთან ურთიერთობების დათბობას.
„არ მგონია, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ გააგრძელოს ძალიან თბილი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რადგან ათწლეულების განმავლობაში მისი პარტია ხმების მოსაპოვებლად ანტიამერიკანიზმს იყენებდა“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.
თურქული სახელმწიფოები
„ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა გააგრძელებს თურქული სახელმწიფოების მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რაც ანკარას აძლევს კოლექტიური კულტურული და ეკონომიკური ინტერესების განხორციელების საშუალებას თურქეთის აღმოსავლეთში, დიდწილად, აქ მოიაზრებიან აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუმცა არამხოლოდ ისინი.
ერდოღანის მმართველობის დროს თურქეთი რჩება ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მაგრამ, ასევე მზად არის, შეინარჩუნოს დასავლეთიც. ყველა ამ პოლიტიკის გაგრძელებას ველოდები, მაგრამ ერთი ცვლილება იქნება - როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ვფიქრობ, ვაშინგტონი და პრეზიდენტი ბაიდენი „F16-ის გარიგებას“ დაასრულებენ“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან.
ურთიერთობა ევროკავშირთან და დაძაბულობა საბერძნეთთან
პრეზიდენტი ერდოღანი განსაკუთრებით მტკიცე და მკაცრი იყო საბერძნეთის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, ის თითქოს იმუქრებოდა კიდეც სამხედრო ძალის გამოყენებით საბერძნეთის წინააღმდეგ.
„ვფიქრობ, ეს არ მოხდება, თუ ქილიჩოღლუ გაიმარჯვებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. თუ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს ბრაიზა ელის, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად კონფრონტაციული იქნება ევროკავშირის წევრების, განსაკუთრებით კი, საბერძნეთის მიმართ.
ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება ყველა ის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ზემოთ აღვნიშნე - ისრაელთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, და არაბეთი გაერთიანებულ საამიროებთან და ასევე, საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაზეც პრეზიდენტი ერდოღანი ორიენტირებულია. მთავარი ცვლილება კი იქნება რიტორიკის შეცვლა საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
რა დევს სასწორზე?
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე დასავლეთისთვის თურქეთის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„სასწორზე დევს თურქეთის ევოლუცია - საკითხავია, დაუბრუნდება თუ არა თურქეთი ეკონომიკურ პოლიტიკას დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკით და მონეტარული პოლიტიკით. ქილიჩდაროღლუმ გასცა დაპირება, რომ თურქეთს უფრო დემოკრატიულს გახდის. აღადგენს საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემას, სადაც ამდენი ძალაუფლება აღარ ექნება პრეზიდენტს.
ეს იქნება უზარმაზარი ცვლილება დემოკრატიის ევოლუციისა და თურქეთის ევოლუციისთვის. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისთვის, რადგან თურქეთი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, მიუხედავად ყველა დაძაბულობისა, რომელიც შეიძლება, ორმხრივ ურთიერთობებში შეიმჩნეოდეს“.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელსაც Reuters-ი ეყრდნობა, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლები უფრო მეტად უჭერენ მხარს ქილიჩდაროღლუს, ერდოღანი მეორე ადგილზეა. საპარლამენტო ხმებში კი, ერდოღანის პარტია ლიდერობს.
მეთიუ ბრაიზას შეფასებთ, არჩევნები თურქეთში ნამდვილად კონკურენტულია, შედეგის პროგნოზირება კი, რთული.
„ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი, ჩემი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით საერთაშორისო ურთიერთობები, მიიჩნევს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და რომ მაგალითად, ყველა აკონტროლებს ყველაფერს, არ არის დემოკრატია და არის ავტოკრატია. ეს სრულიად არასწორია, თურქეთი ძლიერი დემოკრატიაა, ამიტომ, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, რადგან მთავრობას და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, სახელმწიფო კონტროლირებადი მედია დებატების ფორმირებისთვის“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან.
ანალიტიკოსთა შეფასებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულება ამ არჩევნებზე არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა თურქი ამომრჩევლისთვის. მათ ეკონომიკური საკითხები აღელვებთ. და ის, ფაქტი, რომ თურქეთს აქვს კონფლიქტი ზოგიერთ ახლომდებარე ქვეყანასთან ან ევროპაში, ნამდვილად არ არის მათთვის დიდი პრობლემა. საშუალო თურქი ამომრჩევლისთვის გამოწვევაა ეკონომიკური საკითხები.