დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა - 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ, რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა.
„ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან.
ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან.
ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.