ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მის მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.