იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი

იტალია თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინელი საჰაერო ძალების მფრინავების დასავლური ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე მომზადების შესაძლებლობას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომელიც იაპონიაში G7-ის სამიტში მონაწილეობდა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ჯერ არ მიგვიღია და რომელსაც ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაფასებთ“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა და კომენტარი გააკეთა უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების შესაძლებლობის შესახებ.

ამავდროულად, მელონიმ აღნიშნა, რომ იტალიას არ ჰყავს F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ექსპლუატაციაში, ამიტომ, მისი მთავრობა ვერ შეძლებს უკრაინისთვის მის მიწოდებას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ჯორჯია მელონთანაც გამართა შეხვედრა.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.

დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.