საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს.
"წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიწოდებულ განმარტებაში.
ევროკავშირის დროშა - ევროკავშირის წევრობა, ყველა ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.
26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.
მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.