ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც სიურპრიზია - კობახიძე

 ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ელჩები იყვნენ მისული ეკონომიკის მინისტრთან, ე.წ. დემარშით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს. ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული და ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება და მეორე, ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი შედეგები. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებას. პირველ რიგში, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. როცა არის საუბარი ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200-300 მილიონზე, აქ საუბარია ბევრად უფრო მეტზე. მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები ამასთან დაკავშირებით - რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას,“- განაცხადა კობახიძემ.


10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს.

20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო.

  • ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.