სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლა სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. ოფიციალურმა პირებმა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს, ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს, თუმცა მიუთითეს აუცილებელი, კომპლექსური რეფორმების გატარებაზე, ევროკავშირისკენ სწრაფვის მიზნებში ყველა მხარის ერთიანობის მნიშვნელობაზე.
სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა. სლოვაკმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აუციელებელია უარი ითქვას ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
„ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - აღნიშნა ბორის კოლარმა.
თავის მხრივ, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისიდან გაუგზავნა მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი.
„ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას“, - აღნიშნა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.
„საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი. ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.
ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„ჩვენ გვინდა, მოვისმინო თქვენგან, რისი გაკეთება შეგვიძლია... ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ, რათა მიჰყვნენ იმ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ.