2030 წლისთვის ყაზახეთის ვაჭრობა ჩინეთთან, გადააჭარბებს ვაჭრობას მთელ ევროკავშირთან. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ სანქციებმა ის უკანა პლანზე გადაიყვანა, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში, წერს Bloomberg.
ჩინეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს გაუსწრებს ყაზახეთთან ვაჭრობის კუთხით, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ამასთანავე ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას მისი „მთავარი სავაჭრო პარტნიორების“ წინააღმდეგ, ყაზახეთი არ იქნება ტერიტორია, რომლის გავლითაც სანქციების გვერდის ავლა მოხდება“.
ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, გასულ წელს ჩინეთ-ყაზახეთის ვაჭრობა მესამედით გაიზარდა და 24 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ 2 მილიარდი დოლარით ნაკლებია რუსეთთან ვაჭრობასთან შედარებით.
„სანქციებმა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება შეაფერხა და ზოგიერთი სანქცირებული რუსული კომპანია ვეღარ ყიდულობს ყაზახურ პროდუქციას, მეტი რუსი მწარმოებელი ირჩევს, ფოკუსირდეს შიდა ბაზარზე“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა.
რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობების შემცირების გამო, ყაზახეთი განიხილავს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ჟუმანგარინის განმარტებით, ჩინეთი რჩება „პრიორიტეტულ დანიშნულების ადგილად".
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ჩინეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში თოყაევმა მიზნად დაისახაბ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის გაორმაგდეს და 40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.