ევროპის საბჭო, საქართველოში ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვის დოკუმენტს აქვეყნებს.
მიმოხილვაში, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტმა, პიტერ ნორლანდმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" 2019 წლიდან, ხოლო ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რამდენიმე დადებით ელემენტს, საკმარისად არ იცავს ჟურნალისტებს.
რადიო თავისუფლების თანახმად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმოხილვის მთავარი რეკომენდაციაა დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შექმნა, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული პირი ან უწყება/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ჩაატაროს კვლევა და შეიმუშავოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება მთავრობას.
ასევე, რეკომენდებულია, რომ მაღალი დონის არჩეულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მკაფიოდ დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სიძულვილი, ხოლო თავად თავი შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან.
ამას გარდა, მიმოხილვა ყურადღებას ამახვილებს ოთხ საკითხზე:
- "ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის საქმეების გამოძიება და დევნა;
- სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები (ინსტიტუციური შესაძლებლობები, ისევე როგორც ტრენინგის საჭიროებები);
- მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება;
- უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტებისა და მედიის პერსონალის შესაძლებლობები და ცოდნა. მწვავე საჭიროებაა, გაუმჯობესდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის მიმართ".
ევროპის საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისა და დევნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] ახლებურად ჩამოყალიბება. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ კანონის ამ ნორმამ უნდა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ ჩატარდეს სისტემატური მოკვლევა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და შემდეგ შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად.
ევროპის საბჭო, ასევე სთავაზობს საქართველოს, შეაგროვოს ყოვლისმომცველი სტატისტიკა, რაც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ჩაშლილ მონაცემებს მოიცავს, ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
დოკუმენტით რეკომენდებულია, გაიზარდოს სასჯელი ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან, "რათა ასახოს დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე".
ასევე, რეკომენდებულია პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფების შექმნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ასევე სპეციალური სასწავლო გეგმის შემუშავება.
ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს იმასაც, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ ტრენინგი, რას უნდა ელოდონ იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან, რომელშიც თავად არიან დაზარალებულები და რას მოელიან მათგან, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.
მიმოხილვაში, ევროპის საბჭო შსს-ს სთავაზობს, გადახედოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებას, რომ მან მოიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ევროპის საბჭო რეკომენდაციას უწევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ცვლილებას, რათა გაუქმდეს მოთხოვნა ჟურნალისტების მიმართ, ატარონ საიდენტიფიციკაციო ნიშნები.
„სამართალდამცავმა ორგანოებმა და მედიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რათა შეათანხმონ სახელმძღვანელო პრინციპები მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
შემოთავაზებულია, რომ შეხვედრები ჩატარდეს ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მანიფესტაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, როგორიცაა არჩევნები, საპროტესტო აქციები ან დიდი სპორტული ღონისძიებები, რათა მათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად შეათანხმონ უსაფრთხოების ოქმი", - წერია დოკუმენტში.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა - საქართველოს წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალების რაოდენობა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე მკვეთრად გაიზარდა, 0-დან (2017-2019 წწ.) 16-მდე (2020-2022 წწ.), ხოლო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ მედიის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველომ 89-ე ადგილი დაიკავა - 29 ადგილით ჩამოქვეითდა წინა წელთან შედარებით.