ევროკავშირის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პრინციპზე, ინიციტიავით გამოდიან

ევროკავშირის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი განაცხადოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე, მინისტრები ბლოკს მოუწოდებენ, უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით.

გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათი წინადადება არ ეხება ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, არამედ, სთავაზობენ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

მინისტრების შეფასებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქმედების უნარიანობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კრიზისის დროს და, რადგან, ევროკავშირი გაფართოების გზას ადგას, წარმატებული ევროპული ინტეგრაცია მისი ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას საჭიროებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ომის დაწყების დროს ევროკავშირმა დაამტკიცა თავისი მოქმედებების უნარიანობა. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის მხარდაჭერით დიპლომატიურად, ფინანსურად და ასევე, დახმარებით სამხედრო სფეროში, რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულების შემცირებით და უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის შეთავაზებით“, - ნათქვამია განცხადებაში.


მათი შეფასებით, ევროკავშიის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მიღების პროცესში ერთსულოვნებას საჭიროებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აფერხებს მოქმედების უნარიანობას.

„ამ წესების საწინააღმდეგოდ და არა წყალობით, ჩვენ შევძელით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის მიღება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების საპასუხოდ ", - აღნიშნეს მინისტრებმა.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელები გამოდიან მოწოდებით, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო ფართოდ იყო გამოყენებულ კონსტრუქციული თავშეკავების პოლიტიკა, რადგან ხსენებული პრინციპი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი სახელმწიფო გამოდის კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მაგრამ არ ეწინააღმდეგა მის მიღებას და, აქედან გამომდინარე, სხვა - 26 წევრს არ აჩერებს.