„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების შემდეგ, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს.
18 ივნისს, ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მანამდე, ერთ-ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.
3 000-ზე მეტი მაღაროელი თითქმის ორი კვირაა, გაფიცულია. 10 დასაქმებული მე-8 დღეა, შიმშილობს.
18 ივნისს, მაღაროელთა მხრიდან პროტესტის ზემოთ აღნიშნული უკიდურესი ფორმის მიმართვის შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან, დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ.
კომპანიის განცხადების მიხედვით, გუშინ, 18 ივნისს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს: 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით; პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც; კომპანიაში აუდიტის ჩატარება.
ამის შემდეგ, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები კვლავ აცხადებენ, რომ მათი ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში მიდის. ისინი ამბობენ, რომ კომპანიას „დამცინავი დამოკიდებულება აქვს და მოთხოვნის შესაბამისად ხელფასს არ ზრდის.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას.